“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და 14-15 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს.
“14 დეკემბერს, უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის მე-17 დღეს, ქართულმა ოცნებამ „პრეზიდენტი“ არაპირდაპირი წესით – საარჩევნო კოლეგიის საშუალებით აირჩია. პარლამენტის შენობაში კენჭისყრის პროცედურა მასშტაბური პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორისა და ქართული ოცნების სატელიტი, მკვეთრად გამოხატული ანტიევროპული გაერთიანების „ხალხის ძალის“ ლიდერის – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნამ და დღის ბოლოს საპროტესტო ლოკაციაზე საზეიმო ღონისძიების დააანონსებამ მოქალაქეების შეკრებას ახალი საფუძველი შესძინა. საგარეო კურსის ცვლილებისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის მიმართ წინააღმდეგობის გამოხატვის მიღმა, შეკრებილმა მომიტინგეებმა არალეგიტიმურ პრეზიდენტსაც გამოუცხადეს უნდობლობა.
პრეზიდენტის დანიშვნის მიზნით პარლამენტში სხდომა 14 დეკემბერს დილის 9 საათზე დაიწყო. მოქალაქეები დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე და მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს. თბილისის გარდა, მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდშიც,” – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში აღნიშნავს, რომ გუშინ, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა და პრეზიდენტი არალეგიტიმურმა საკანონმდებლო ორგანომ აირჩია.
“პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის მე-6 „პრეზიდენტი“ არაპირდაპირი წესით იქნა არჩეული. პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი აირჩია. კენჭისყრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომაზე დამსწრე 225 წევრიდან ყაველაშვილს მხარი 224-მა დაუჭირა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.
- მიუხედავად იმისა, რომ 14 დეკემბერს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურული მხარე დაცული იყო, პრეზიდენტის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა, რის გამოც ამ პროცესს სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება:
- პრეზიდენტის არჩევა არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს მიერ – საარჩევნო კოლეგიის ნახევარს „ახლადარჩეული“ პარლამენტის წევრები შეადგენენ. შესაბამისად, პრეზიდენტის ლეგიტიმაციას იმთავითვე განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანოს ახლებური შემადგენლობის ლეგიტიმაცია. როგორც ცნობილია, საქართველოში 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები ჩატარდა სისტემური გაყალბების და მასობრივი დარღვევების ფონზე, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე და ეჭვქვეშ აყენებს საბოლოო შედეგების ვალიდურობას. ამავე დროს, პარლამენტის შეკრება და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა შედგა კონსტიტუციის დარღვევით, რამდენადაც ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დასრულებამდე, რომლითაც სადავოდ იყო გამხდარი არჩევნების კონსტიტუციურობა ხმის ფარულობის, არჩევნების საყოველთაობის და სხვა პრინციპების დარღვევის გამო.
- პოლიტიკური კონკურენციის არარასებობა – საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. ერთკანდიდატიანი არჩევნები კი ავტორიტარული რეჟიმებისა და ფასადური დემოკრატიებისთვის არის დამახასიათებელი.
- ოპოზიციის გადაწყვეტილება – პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბოიკოტისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად დაუჭირა მხარი ერთადერთ კანდიდატს.
- საერთაშორისო გამოხმაურება – ამ დრომდე ახალ „პრეზიდენტს“ გამარჯვება მიულოცეს მხოლოდ ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა. რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსი კი კრიტიკულად გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ არაპირდაპირი წესით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას. მათ შორისაა: ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მარკო მიჰკელსონი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხაელ როთი, ევროპარლამენტარები – რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, რიჰარდს კოლსი და კონგრესმენი – ჯო უილსონი,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, SJC კახა კალაძის გუშნდელ ბრიფინგსა და საზეიმო ღონისძიების გადადებაზეც წერს და აღნიშნავს, რომ კალაძის განცხადება საპროტესტო აქციებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მსგავსად, კალაძეც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცდილობს პროტესტის მონაწილეები მონიშნოს როგორც აგრესიული, რადიკალური ძალები, რაც აშკარად უსაფუძვლო ბრალდებაა მიმდინარე პროტესტების მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით.
“13 დეკემბრის განცხადებით, თბილისის მერმა – კახა კალაძემ პრეზიდენტის არჩევის დღეს უწყვეტი პროტესტების მთავარ ადგილას – რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე ნაძვის ხის ანთება და საზეიმო ღონისძიების ჩატარება დაანონსა. 14 დეკემბერს კი კალაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ღონისძიების გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით. კალაძე პროვოკაციად მოიხსენიებს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ ბავშვების ინტერესები არაფრად მიაჩნია და ამიტომ სურდა ღონისძიების გაუქმება.
კალაძის განცხადება საპროტესტო აქციებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, კალაძეც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცდილობს პროტესტის მონაწილეები მონიშნოს როგორც აგრესიული, რადიკალური ძალები, რაც აშკარად უსაფუძვლო ბრალდებაა მიმდინარე პროტესტების მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, ამ განცხადებით, კალაძე ცდილობს იმის ჩვენებასაც, თითქოსდა სახელისუფლებო ძალა ანგარიშს უწევს არასრულწლოვნების ინტერესებსა, რაც ასევე ირონიული განცხადებაა. სინამდვილეში, პროვოკაციული ხასიათი არა საპროტესტო აქციას, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ჰქონდა, რომ საზეიმო ღონისძიება სწორედ იმ ლოკაციაზე უნდა გამართულიყო, სადაც 17 დღეა უწყვეტად იმართება აქციები და სადაც არაერთი აქციის მონაწილე, მათ შორის არასრულწლოვნები, სასტიკად სცემეს. ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას სიმბოლური დანიშნულება აქვს შეკრების მონაწილეებისთვის, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება კი ვერ ჩაითვლებოდა შეკრების თავისუფლებაში ჩარევისა და მით უფრო შეკრების დაშლის ლეგიტიმურ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ “საზეიმო” ღონისძიების უზრუნველსაყოფად ადგილზე მობილიზებული იყო და სცენას იცავდა უამრავი პოლიციელი. ამასთან, განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება თბილისის მერმა პრაქტიკულად ბოლო მომენტში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მიერ მობილიზებული ჯგუფები უკვე დაძრული იყვნენ ღონისძიების ადგილისკენ, არაერთი მათგანი უკვე ადგილზე იყო, ხოლო ზოგიერთმა ღონისძიების გადადების შესახებ მხოლოდ მედიისგან შეიტყო. ეს გარემოება აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ “საზეიმო” ღონისძიებაზე ადამიანების მობილიზება დასაშვებად მიიჩნია და მხედველობაში არ მიიღო ის რისკები, რაც შესაძლოა, ადგილზე ვითარების ესკალაციას მოჰყოლოდა. საბოლოოდ, ღონისძიების გადადების მიზეზი, როგორც ჩანს, არა სამოქალაქო მშვიდობის და ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილება, არამედ ის აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერმა საკმარისი ადამიანების შეკრება ვერ შეძლო,” – აღნიშნულია განცხადებაში.
SJC-ის განცხადებით, “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმს, პოლიტიკური შურისძიების იარაღად იყენებს.
“28 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე დემონსტრანტია დაკავებული. ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ჩახშობის მეთოდებთან ერთად შეიცვალა დაკავების მექანიზმის გამოყენების სტრატეგია. თუ პროტესტის პირველ დღეებში ძალოვნები უშუალოდ საპროტესტო აქციებზე აკავებდნენ მანიფესტანტებს და შეკრების ადგილიდანვე იწყებდნენ მათზე ძალადობას, უკანასკნელი რამდენიმე დღეა ე.წ. ნიღბიანი სამართალდამცავები სახლებთან ხვდებიან ან/და გზაში იტაცებენ აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირებს. ეს კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, რომ დაკავება სადამსჯელო მექანიზმია და არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
14 დეკემბრის ღამით, კოსტავას ქუჩაზე, ნიღბიანმა „სამართალდამცავებმა“ ნიკოლოზ (ნიკო) მანაგაძე გაიტაცეს, ჩასვეს ავტომობილში და დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, მანაგაძის დაკავება რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უარის თქმას უკავშირდება, რადგან ნიღბიანები ავტომობილში ეკითხებოდნენ ნიკოს: „რატომ არ მოხვედი განყოფილებაში, რას გვაწვალებ“. მას ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ნიკო მანაგაძეზე ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა, სადაც ეკითხებოდნენ „როდემდე უნდა იარო აქციებზე“ და ა.შ. პოლიცია მას ედავება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ასეთ ფაქტებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ნიკო მანაგაძე ერთადერთი პირი არ არის, ვინც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარის თქმის გამო დააკავეს. რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, საკუთარი მანქანიდან დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით. დაკავებას ჩახუნაშვილის შემთხვევაშიც წინ უსწრებდა ერთი დღით ადრე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარება.
მასობრივი ადმინისტრაციული დაკავების მანკიერ პრაქტიკას სასამართლოც ახალისებს დემონსტრანტების სამართალდამრღვევებად ცნობით. 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ვატო ბჟალავა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მან საკუთარი ნებით წარუდგინა პირადობა პოლიციელებს და გაყვა მანქანაში, რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს. მისი თქმით, არცერთ დამკავებელს არ ჰქონია რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ სამართალდამცველები იყვნენ. მოთხოვნის მიუხედავად, მათ არც ვინაობა გააცნეს დაკავებულს. გარდა იმისა, რომ ვატო ბჟალავას წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციელებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. შესაბამისად, მოქალაქისთვის აღქმადი უნდა იყოს, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან. კანონმდებლობით, მათ დაკავების დროს ვინაობის გაცნობის და დაკავების საფუძვლის განმარტების ვალდებულებაც აქვს. თუმცა ამ გარემოებებს სასამართლო არ ითვალისწინებს და შაბლონურად ადგენს სამართალდარღვევის არსებობას.
გამოკითხვაზე უარის თქმის გამო მოქალაქეებზე ჩასაფრება და მათი დაკავება არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. კანონმდებლობით, გამოკითხვა ნებაყოფლობითია და დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება ინფორმაციის გაცემის ან მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების იძულების მიზნით, მოქალაქეების ქუჩიდან აყვანა და თავისუფლების შეზღუდვა, შემდეგ კი „შურისძიების“ მიზნით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, იმთავითვე უკანონო პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს,” – წერია განცხადებაში.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” Amnesty International-ის ანგარიშსზეც წერს:
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბერს დაწყებულ აქციებზე პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია კონკრეტული ფაქტები და მათზე დაყრდნობით კრიტიკულად არის შეფასებული ხელისუფლების მზარდი რეპრესიები, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პოლიციის მხრიდან არასაჭირო/გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები.
ანგარიშში რამდენიმე ძირითადი ასპექტია ხაზგასმული:
- სამართალდამცავების დანაშაულების კვალიფიკაცია წამებად – ანგარიშის თანახმად, ძალოვნების ქმედებები (დახურულ სივრცეში დაკავებულების ცემა, დამამცირებელი მოპყრობა, დაშინება პროტესტის შეწყვეტის მიზნით, სქესობრივი ხასიათის მუქარა და სხვ.) წამებასა და სხვა არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.
- სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევები – ორგანიზაციის შეფასებით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების საქმეების განხილვისას სისტემატურად ვლინდება ისეთი დარღვევები, როგორიცაა: ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვა, მოსამართლეების მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების უგულებელყოფა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება.
- „ქართული ოცნების“ მიერ საჯარო უწყებების ტოტალური კონტროლი – ანგარიშში მითითებულია, რომ ხელისუფლებას აქვს გავლენა ყველა ინსტიტუტზე, მათ შორის სასამართლოზე, საგამოძიებო და მარეგულირებელ ორგანოებზე. ამით აიხსნება ისიც, რომ სამართალდამცავები არ ატარებენ ხილულ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, რაც ხელს შეუწყობდა ძალადობრივი დანაშაულების პრევენციას.
გასული დღეების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ქმედებები აშკარად აჩვენებს ისინი ირჩევენ ესკალაციის გზას და ქვეყანა პოლიტიკური ჩიხისკენ მიყავთ. პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტად გამორჩეულად ანტიდასავლური ორიენტაციის პირის არჩევა პარლამენტის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, არალეგიტიმურად შეიკრიბა, კონსტიტუციურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.
პარალელურად, მოქალაქეთა დაკავებების მზარდად თვითნებური პრაქტიკა აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება სრულად უგულებელყოფს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების სტანდარტებს, არამედ საქართველოს შიდა კანონმდებლობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.
ამასთან, ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახვევაა ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგისგან და მთელი რიგი მიმართულებებით, არსებითად აუარესებს დაწესებულ უფლებრივ სტანდარტებს. ამ ცვლილებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- საჯარო სამსახურის შესახებ კანონში რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პრაქტიკულად აუქმებს საჯარო მოხელეების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს და საკადრო გადაწყვეტილებების მიღების თვითნებურ წესს აკანონებს;
- შეკრებებზე ნიღბების ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა და დემონსტრანტების დევნის და დაშინების მიზნით არის მოტივირებული;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც იზრდება ჯარიმები შეკრებებთან კავშირში ჩადენილ დარღვევებზე, მათ შორის, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის და ა.შ.;
- არასრულწლოვნის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას (მათ შორის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის) პასუხისმგებლობას მშობლისთვის დაკისრება და მის დაჯარიმების წესის შემოღება.