ვინ მოამარაგებს საკვებით შსს თანამშრომლებს – შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში, რომელშიც წინადადებების მიღება 7-10 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა, მხოლოდ ერთი შეთავაზება შევიდა, შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემს-დან.
შესყიდვა ამ დროისთვის შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. კომპანია ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი 2016 წელს არის დაფუძნებული. 2024 წლის დეკემბრის ამონაწერის მიხედვით კომპანიის დირექტორი ვალერიან ფუტკარაძეა. წილები კი ასე ნაწილდება 50% ნათია თავაძე, 30% შალვა ნოზაძე, 20% ზაზა სინაურიძე.
კომპანიის დირექტორს ვალერიან ფუტკარაძეს 2024 წლის აგვისტოში “ქართული ოცნებისთვის” 40 000 ლარი აქვს შეწირული.
როგორც ტენდერის დოკუმენტაციაშია აღნიშნული საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში, მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან გამომდინარე ერთჯერადად უნდა შეძლოს არანაკლებ 5000 კომპლექტის დამზადება. კომპლექტი შეიცავს სენდვიჩს, შოკოლადის ნაწარმს და გაზირებულ უალკოჰოლო სასმელს. კომპლექტი არის 2 სახის 8.85 ლარიანი და 11.95 ლარიანი. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად შსს-ს 20.80 ლარი აქვს მითითებული, კომპანია კი 19.75 ლარად სთავაზობს.
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 300 000 ლარია.