Ertobit Logo

ქუჩაში ჩხრეკასთან დაკავშირებული რჩევები Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

1. გაჩერებისთანავე გადაიღეთ ვიდეო / ჩართეთ ლაივი, მოსთხოვეთ კამერის ჩართვა პოლიციელსაც

პოლიციელი არ არის ვალდებული, ჩართოს სამხრე კამერა, თმცა, თუკი ის კეთილსინდისიერად ახორციელებს / აპირებს განახორციელოს თავისი მოვალეობა, კამერის ჩართვა მისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მიუხედავად იმისა, ჩართული აქვს თუ არა პოლიციელს სამხრე კამერა, თავად გადაიღეთ ვიდეო უწყვეტ რეჟიმში ან გადით ლაივში. კანონდარღვევის შემთხვევაში, თქვენ მიერ გადაღებული ვიდეო იქნება მტკიცებულება. 

პოლიციელს აქვს უფლება, იდენტიფიცირების მიზნით გადაგიღოთ ფოტო, მაგრამ მას ვიდეოს გადაღების უფლება არ აქვს.

 

2. პირველადი კომუნიკაცია პოლიციელთან

  • ჰკითხეთ პოლიციელს საპოლიციო ღონისძიების ჩატარების მიზეზი.
  • მას შემდეგ, რაც ის გეტყვით მიზეზს, ჰკითხეთ, არის თუ არა საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობა სავალდებულო? ეს კითხვები არაკეთილსინდისიერ, უკანონო დავალების შემსრულებელ პოლიციელს მიახვედრებს, რომ თქვენ ხართ ინფორმირებული მოქალაქე და ამ ტიპის ქმედებები თქვენთან უფრო რთულად ჩასადენი იქნება.
  • თუ პოლიციელი გეტყვით,რომ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობა სავალდებულოა, მოსთხოვეთ შესაბამისი ნორმის მითითება.
  • თუ პოლიციელი გთხოვთ თქვენი ვინაობის იდენტიფიცირებას, საპასუხოდ მოსთხოვეთ ოქმის შედგენა. პოლიციელი ვალდებულია, შეადგინოს ოქმი.
  • ოქმის შედგენა მოითხოვეთ საპოლიციო ღონისძიებაში სავალდებულო ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე.

 

3. ზედაპირული დათვალიერების კანონიერი საფუძველი

პოლიციას ზედაპირული შემოწმების უფლება აქვს:

  • მომხდარ დანაშაულზე ან სამართალდარღვევაზე რეაგირების ან მათი პრევენციის მიზნით;
  • თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთ, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიციას, თითოეულ პირთან მიმართებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სჭირდება კანონისმიერი საფუძველი, ზედაპირული შემოწმებისა და მისი ნივთის დათვალიერებისთვის.

 

4. ზედაპირული დათვალიერების ფორმა

ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელთ, ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას.

ზედაპირული დათვალიერება არ მოიაზრებს პირადი ნივთების გახსნეს და შიგთავსის შემოწმებას.

საპროტესტო ატრიბუტიკა და თავდაცვის საშუალებები, როგორიცაა პირბადე, სათვალე, აირწინაღი, არ შედის აკრძალული ნივთების სიაში და მათი ფლობა მოქალაქეებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.

 

გახსოვდეთ

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე კანონიერი პროცედურა არ ხორციელდება, თქვენ შეგიძლიათ არ დაემორჩილოთ პოლიციელის უკანონო მოთხოვნას.