სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება”, – წერია განცხადებაში.
საგამოძიებოს ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში 140 მოქალაქეა გამოკითხული.
გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი. შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.