ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს წერილობითაც გამოეხმაურა და გამოქვეყნებულ განცხადებაში ელჩი დანიგანი ამბობს, რომ “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე” ყველამ უნდა აგოს პასუხი, დაკავებული დემონსტრანტები კი “დაუყოვნებლივ” უნდა გათავისუფლდნენ.
“ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. იქ აქვე აღნიშნულია, რომ ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, “რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”.
დღეს ელჩმა დანიგანმა და ევროპელმა დიპლომატებმა „ტვ პირველის” გუნდის წევრები მოინახულეს. ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს.
“ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე”, – ვკითხულობთ ელჩის განცხადებაში. რობინ დანიგანი დასძენს, რომ როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე.
9 დეკემბერსვე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირისაგან სანქციების დაწესებას საჭიროებს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა – მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.