Ertobit Logo

რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ევროკავშირს? Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

მარიამ ვარადაშვილი

 

არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია არ აპირებს, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს. როგორც ყოველწლიური გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი, სანამ ქვეყანა არსებულ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების (რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა), ლეგიტიმაციას არ ცნობს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. დარღვევებზე საუბრობს ევროკავშირი და გამოძიებას მოითხოვს. ამასთან, ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენა „ქართული ოცნებისთვის“ არცერთ დასავლელ პარტნიორს არ მიულოცია. მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა ქვეყანაში, თუმცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავდა.

საქართველოს მთავრობის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან განსაკუთრებით რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ გაუარესდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაჰბრუნებოდა დემოკრატიული განვითარების გზას, მთავრობამ რუსული კანონი მაინც მიიღო, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარების შეჩერება დააანონსეს. ეს უკვე აისახა ქვეყნის ბიუჯეტზე. პარლამენტში შეტანილ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ევროკავშირის გრანტი 92 მლნ-იდან 15 მლნ ლარამდე მცირდება. დემოკრატიის უკუსვლისთვის საქართველომ ასევე დაკარგა 121 მლნ ევროს მოცულობის დახმარება ევროკავშირისგან.

რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირისგან?

საქართველო ევროკავშირიდან ყველაზე მეტ ფულს ფულადი გზავნილების სახით იღებს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებული ქართველები  უგზავნიან ოჯახის წევრებს. ბოლო წლებში ფულადი გზავნილები საკმაოდ გაიზარდა და ამ პროცესს ხელი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამაც შეუწყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი წელს იტალიიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან გადმორიცხეს. ჯამში, 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით, თითქმის 1.1 მილიარდია საქართველოში გადმორიცხული, ეს კი მთლიანი გზავნილების 42%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის რუსეთიდან წელს გზავნილები 446 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირიდან სარგებელს ტურიზმიდანაც იღებს. მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორები ქვეყანაში უფრო მეტს ხარჯავენ, ამიტომ მთავრობამ არაერთხელ გამოაცხადა ტურისტების მოზიდვა პრიორიტეტად. წელს 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისგან ქვეყანამ 456 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. 2024 წლის სამ კვარტალში [9 თვეში] სულ ევროკავშირის ქვეყნებიდან დაახლოებით 348 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. იმის გასაგებად, ეს ბევრია თუ ცოტა, ვიზიტორების ჯამურ რაოდენობას უნდა შევადაროთ. შედეგად ვნახავთ, რომ ევროკავშირის წილი ქართულ ტურიზმში, ჯერჯერობით, ისევ მცირეა და მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

რას ვყიდით ევროპაში?

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში იკლებს. არადა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] შეთანხმებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადის გარეშე ევროკავშირის 450-მილიონიან ბაზარზე შედის.

საქართველომ წელს [2024 წლის 9 თვე] ევროკავშირში 390 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა.

წელს ევროგაერთიანებაში ყველაზე მეტი თხილი და სპილენძის მადნები/კონცენტრატები გავყიდეთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში შემცირდა, დსთ-ს კი გაიზარდა. წელს ევროკავშირის წილი 8%-მდეა შემცირებული ექსპორტში, დსთ-ს კი თითქმის 70%-მდეა გაზრდილი.

„DCFTA ქმნის 27 ქვეყნის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას და ეს საქართველომ უნდა გამოიყენოს. თუმცა საამისოდ საჭიროა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება. რეალურად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაცია ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრას ეფუძნება“, – გვეუბნება თინათინ ახვლედიანი, ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის [CEPS] მეცნიერ-თანამშრომელი.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია წევრ ორგანიზაციებს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში ეხმარება. მისი ხელმძღვანელი გვანცა მელაძე ამბობს, რომ ევროკავშირი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ზრდისთვის ბიზნესს ეხმარება და თუ ეს დახმარება შეწყდება, მომავალში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტიც შემცირდება.

„რაც უფრო შორდება ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას, მით ნაკლები დაფინანსება იქნება ევროკავშირისგან, რომელიც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ძალიან ბევრი პროგრამაა გამოცხადებული არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც კონკრეტულად უწყობს ხელს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის ზრდას. თუ ეს დაფინანსება შეჩერდა, რაც ბევრად უფრო მალეა მოსალოდნელი, ვიდრე რაიმე შეთანხმების გაუქმება, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ექსპორტის შემცირება. იმიტომ, რომ რეალურად ერთჯერადი ექსპორტი არაფერს ნიშნავს. ევროკავშირში რთულია ბაზრის შენარჩუნება და როცა კომპანიები შედიან ამ ბაზარზე, კიდევ არის საჭირო მარკეტინგში ფულის ჩადება საიმისოდ, რომ შეინარჩუნონ ეს ბაზარი.

ამას გარდა, ევროკავშირში ექსპორტი ყოველთვის უფრო ღირებული იყო, რადგან იქ ძირითადად გადის ქართული პროდუქტი ანუ ადგილობრივ ექსპორტს ზრდიდა. როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ, ის ასევე მოიცავს რეექსპორტსაც, მაგალითად, მანქანებს, რომლებსაც საქართველო არ აწარმოებს და მისი უბრალოდ სხვა ქვეყანაში გატანით ქვეყანაში იმხელა დოვლათი არ იქნება [ადგილობრივ წარმოებასთან] შედარებით“, – ამბობს მელაძე.

ენერგეტიკული თანამშრომლობა ევროკავშირთან

ევროკავშირი საქართველოს გავლით გაზს აზერბაიჯანიდან უკვე იღებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთკავკასიური გაზსადენით, რომელიც საქართველოზე გადის, 2024 წლის 9 თვეში ევროპამ 9.4 მილიარდი მ3 გაზი მიიღო.

ამას გარდა, ამ ეტაპზე საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ევროკავშირთან თანამშრომლობს ე.წ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა პირველად დაუკავშირდება ევროპას და მომავალში შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ელექტროენერგია ევროკავშირში გაყიდოს. დღეს საქართველო მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან არის ინტეგრირებული და  ელექტროენერგია ექსპორტზე, ძირითადად, თურქეთში გააქვს. პროექტით, წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზით ევროპა აზერბაიჯანიდან მიიღებს ელექტროენერგიას საქართველოს გავლით.

ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ დაგეგმილია გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევა.

„ამ პროექტმა შესაძლოა, დიდი სარგებელი მოუტანოს საქართველოს, ევროპული მისწრაფების მქონე ქვეყანას და ელექტროენერგიის ჰაბად აქციოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2022 წლის დეკემბერში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან საქართველოში 229 მლნ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია [FDI] ჩაიდო. ეს მთლიანი ინვესტიციების თითქმის 30%-ია. საქართველოში ინვესტიციების მოცულობა არც გასულ წლებში ყოფილა დიდი, 2024 წლის ექვს თვეში კი კიდევ უფრო შემცირდა.

„საქართველო მცირე და ღია ტიპის ეკონომიკაა, რომლისთვისაც ვაჭრობა და ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მისი ეკონომიკა წარმოებაზე არ არის დაფუძნებული, ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მოდის მომსახურებაზე, რაც პირდაპირ ებმის საერთაშორისო ვაჭრობას. დღეს გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო პარტნიორებს კი ნდობა აქვთ დაკარგული, რაც ქვეყნის რეპუტაციას დიდ საფრთხეს უქმნის. უნდა ველოდოთ ინვესტიციების კლებას, რადგან  ინვესტორებს ნაკლები ნდობა აქვთ ისეთი ქვეყნების მიმართ, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები მხარს არ უჭერენ და თან პოლიტიკური კრიზისია“, – ამბობს ახვლედიანი.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირში გაწევრებით?

საქართველოს თითქმის ერთი წელია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, მაგრამ რუსული კანონის მიღების გამო, ივნისში ევროპულმა საბჭომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი „დე ფაქტო შეაჩერა“.

„ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების ეტაპობრივ ინტეგრაციას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს უფრო და უფრო მეტად ეხსნებათ გზა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და იღებენ მეტ დახმარებას“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი და თუ რამდენად დიდი იქნება დახმარება, მისივე თქმით, ეს გატარებულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.

„ამას საქართველოს მაგალითზეც ვხედავთ, რა დახმარებაც იყო გამოყოფილი, ახლა გაყინეს. რეფორმების შემთხვევაში, ეს არათუ გაიყინებოდა, არამედ უფრო მეტი წამოვიდოდა საქართველოში. ამას გარდა, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება ან გაწევრების პროცესთან ახლოსაა, ევროკავშირი დახმარებას ზრდის, რადგან უნდა, მისი წევრი ეკონომიკურად უფრო ძლიერი იყოს, რაც დანამატი იქნება მისი ბაზრისთვის და არა წნეხი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრების გზაზე ეკონომიკურად უფრო გაძლიერდებოდა და მეტი დახმარება ექნებოდა“, – ამბობს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის [CEPS] წარმომადგენელი.

გააზიარე

სხვა რჩევები